კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა
- საზოგადოება
- 14.10.2020
- 17:50
საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, თბილისში რამდენიმე ბაღი დროებით დაიხურა.
კერძოდ, 12 ოქტომბრის შემდეგ, სასწავლო პროცესი შეწყდა თბილისის მე-4 საბავშვო ბაღში. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ორი კვირით შეაჩერა მუშაობა თბილისის 93-ე ბაგა-ბაღმაც. ბაღის ინფორმაციით, სპეცპედაგოგს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ორი კვირით სასწავლო პროცესი შეწყდა დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. უცნობია ზუსტი ციფრი, თუ რამდენმა ბაღმა შეაჩერა მუშაობა 12 ოქტომბრის შემდეგ. ბაღების მართვის სააგენტოში ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.
თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა.