ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
- საზოგადოება
- 14.10.2026
- 15:50
სვეტიცხოველი იქცა ქართველი ერის რწმენის, ერთიანობის და ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთ უმთავრეს გამოხატულებად, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„სვეტიცხოვლის ტაძარში ერთგვარად გაერთიანდა ძველი და ახალი აღთქმის სულიერი მემკვიდრეობა. უფლის წმინდა კვართი, როგორც ეკლესიის ერთიანობის და განუყოფლობის სიმბოლო და წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი, ძველი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ქრისტესშობამდე ექვსასი წლით ადრე ებრაელებმა ჩამოაბრძანეს ჩვენს მიწაზე და აქ არის დაფლული. ამ დიდი სიწმინდეების და ქრისტეს გზის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა. სწორედ ამას შეგვაგონებდნენ მუდამ ჩვენი დიდი მოღვაწეებიც. როგორც წერდა წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე – საქართველო ეწამა და ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და ეკლის გვირგვინი დაიდგა, მაგრამ არავის შეარყევინა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება და დღემდე გვიპატრონა. ამიტომ ღრმად გვწამს, რომ ამ გზიდან თუ არ გადავუხვევთ, მადლი ღვთისა, რომელიც მუდამ იფარავდა საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისგან, კვლავაც დაგვიცავს და დაგვიფარავს. უფალმა მოგვანიჭოს ძალა ამ სულიერი სარბიელის მართებულად აღსრულებისა“, – განაცხადა შიო მესამემ.
ამასთან, შიო მესამემ აღნიშნა, რომ ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის.
„ამ ღირსშესანიშნავ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით და მადლიერებით ვიხსენებთ ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იყო დაუღალავი მსახურება, მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა ჩვენს ერში ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებისა და სულიერი აღორძინებისთვის. სწორედ მისმა დიდმა შრომამ გამოიღო ის კეთილი ნაყოფი, რომლის მოწმენიც დღეს ჩვენ ვართ. ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს“, – განაცხადა შიო მესამემ.