მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
- კომენტარები
- 30.10.2026
- 21:43
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ვაქცინის აუცილებლობის შესახებ წერს.
„რადგან ანტივაქსერებთან ჭიდაობის კვირეული მაქვს, ბარემ ერთიც იყოს - მათი მთავარი კოზირის შესახებ: “მე თუ არ ვიცრები, სხვას რატომ ვუქმნი რისკს, თუკი ის სხვა აცრილია”.
ასე მარტივად არ არის საქმე. ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ უამრავი რამე შეიძლება ითქვას, მე რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას:
1. აუცრელი ადამიანები რისკს უქმნიან ჩვილ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული ვაქცინით გამოწვეული იმუნიტეტი. ამიტომ თუ აუცრელი ინფიცირდება, ამ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს აყენებს რისკის ქვეშ (განსაკუთრებით წითელა, რომლის პირველი აცრა 1 წლის ასაკში ხდება. წითელაზე რა კოშმარი ტრიალებს ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში, ამაზე ცალკე დავწერ).
2. ბევრი ადამიანი ვერ იკეთებს ზოგიერთ ვაქცინას და რჩება მოწყვლადი ამ ინფექციების მიმართ. ამიტომ მის გარშემო ყოველი აუცრელი პირი ამ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. მაგალითად, ვისაც იმუნიტეტის სხვადასხვა პრობლემა აქვს, მათი აცრა წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინით არ შეიძლება, რადგან ცოცხალი ვაქცინაა. ასეთები არიან: ქიმიოთერაპიაზე მყოფნი, ორგანოგადანერგილები, სხვადასხვა თანდაყოლილი თუ შეძენილი იმუნოდეფიციტის მქონენი და სხვ. ამიტომ მათი დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა გარშემო მაქსიმალურად ბევრი იყოს აცრილი.
3. სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანი (და ასეთი ბევრია, მაგალითად, ჰემატოლოგიური დაავადებები, ქიმითერაპიაზე და იმუნოთერაპიაზე მყოფნი და სხვ) შეიძლება იყოს აცრილი, მაგრამ მისი ორგანიზმი იმუნიტეტს საკმარისად ვერ გამოიმუშავებს, ან იმუნიტეტის დაქვეითების გამო ანტისხეულების დამცველობითი უნარი უქვეითდებათ. ამიტომ, ისევ და ისევ, მათი დაცვის ერთადერთი საშუალებაა გარშემომყოფები იყვნენ აცრილები, რომ ინფექციების გავრცელების რისკი მინიმუმდე იყოს დაყვანილი. შესაბამისად, ჯანმრთელი იმუნიტეტის მქონე, რაღაც კონსპირაციის თეორიის თუ ახირების გამო არ აცრილი, უამრავ ასეთ დაუცველ ჯგუფს აყენებს რისკის ქვეშ.
4. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან.
თუმცა მე რომ კომენტარებს მიწერენ, მაგ კატეგორიას პოპულაციური იმუნიტეტი როგორ ავუხსნა, ეგ ჩემს ძალებს აღემატება“, - წერს ბუწაშვილი