უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
- მსოფლიო
- 12.11.2026
- 18:56
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, ხოლო ომის დასრულებისკენ მიმართულ მოლაპარაკებებში ევროპას საკუთარი როლი უნდა ჰქონდეს.
ამის შესახებ მერცმა დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მერცის განცხადებები უკრაინაში მიმდინარე ომის, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებებისა და ევროპული ქვეყნების შემდგომი ჩართულობის საკითხებს შეეხებოდა.
მერცის თქმით, აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებებიდან დადებითი სიგნალები ისმის, რაც, მისი შეფასებით, ამერიკელებთან ერთად ევროპაში მდგრადი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას ქმნის.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებებიდან დადებითი სიგნალები მესმის. ეს გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ამერიკელებთან ერთად ევროპაში ნამდვილი სამშვიდობო წესრიგის მიღწევის შესაძლებლობა გვქონდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მერცმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის ხელისუფლებამ და პირადად ვლადიმoრ პუტინმა მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობა უნდა განაცხადონ. მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინა, ევროპული ქვეყნები, აშშ და რუსეთი უნდა ისხდნენ.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროკავშირს უკრაინასთან დაკავშირებით მომავალ მოლაპარაკებებში. მისი თქმით, ეს საკითხი საჯარო დებატების საგანი არ უნდა გახდეს.
მერცმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის დაფინანსება დუბლინში მიმდინარე სამიტისა და ევროკავშირის მომდევნო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. მან ევროპულ ქვეყნებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო თვეები უკრაინისთვის გადამწყვეტი, ზამთარი კი განსაკუთრებით რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრების შედეგად მხარეები ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა ომის დასრულების მიმართულებით კონკრეტული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.