სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
- მსოფლიო
- 24.11.2026
- 12:20
სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ცნობით, 24 ნოემბერს დილით, რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი, იაპონიის ზღვის თავზე, სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში შევიდა. ინფორმაცია სააგენტო Yonhap-მა გაავრცელა.
როგორც იუწყებიან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდაპირველად თვითმფრინავები შეცდომით ჩრდილოეთ კორეულად მიიჩნია და მოსახლეობას განგაშის შეტყობინებები გაუგზავნა. თუმცა შეცდომა მალევე აღმოაჩინეს და განგაში რამდენიმე წუთში გაუქმდა.
„რუსული თვითმფრინავები დღეს დილით ადრე შევიდნენ საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში, მიუახლოვდნენ კუნძულ ულეუნგდოს და მას შემდეგ დატოვეს ზონა, რაც სამხედროებმა საგანგებო გაფრთხილება გამოსცეს“, - ციტირებს Yonhap-ი გაერთიანებული შტაბის განცხადებას.
შტაბის განცხადებით, სეულმა გამანადგურებლები გაგზავნა გაფრთხილებისთვის, რის შემდეგაც რუსულმა თვითმფრინავებმა დატოვეს საიდენტიფიკაციო ზონა, სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევის გარეშე.
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინციდენტის გამო პროტესტის გამოსაცხადებლად რუსეთის სამხედრო ატაშე დაიბარეს.
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონა უფრო დიდია, ვიდრე საკუთრივ საჰაერო სივრცე. ამ ზონის სივრცე სეულმა დაადგინა, რომლის ფარგლებში საჰაერო თავდაცვის მიზნით კონტროლდება მასზე გადამფრენი თვითმფრინავები.
რუსეთი აცხადებს, რომ არ აღიარებს სეულის მიერ ცალმხრივად დადგენილ საიდენტიფიკაციო ზონას.