მარგველაშვილი: ვფიქრობ, რომ ოვაციით არ უნდა შევხვდეთ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას
საქართველო, თბილისი - 15:21 | 15.07.2016 ნანახია: 1532
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, მონაწილეობა მიიღო თემატურ შეხვედრაში „დიალოგი პრეზიდენტთან“, რომელიც ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება“ ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას GLOBSEC-ის თავმჯდომარე რასტისლავ კაჩერი უძღვებოდა. გიორგი მარგველაშვილმა მოდერატორისა და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტმა საუბრის დაწყებამდე, საფრანგეთში, ნიცაში, 14 ივლისს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი საკუთარი იდენტობით, ცხოვრების სტილითა და მოწოდებით, ბუნებრივად ევროპული ოჯახის ნაწილია და საქართველოს ევროპული გზა ჩვენი საზოგადოების მტკიცე არჩევანია.
შეხვედრისას ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის საკითხზეც ისაუბრეს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ ოვაციით არ უნდა შევხვდეთ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, მაგრამ ამავე დროს არ ვფიქრობ, რომ უნდა გადავაჭარბოთ შეფასებები და ვუწოდოთ ამ პროცესს კატასტროფა.
პირველ რიგში, მოდით აღვნიშნოთ, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი მიმდინარეობს ძალიან ცივილური გზით. არ აქვს მნიშვნელობა, რა რთულია ეს პროცესი. არც ერთი მხარე არ ცდილობს შური იძიოს ერთმანეთზე და ცდილობენ, რომ უპრობლემოდ გადაჭრან საკითხი. სამწუხაროდ, ჩვენ წარსულიდან გვახსოვს საბჭოთა კავშირიდან ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის გამოსვლის მცდელობის მაგალითები, როდესაც ტანკებმა და არა რეფერენდუმმა გადაწყვიტა ვინ სად დარჩებოდა და რა პირობებში. სწორედ, ეს არის ევროკავშირის სარგებელი, რომ აჩვენოს, თუ რამდენად ფასდება ადამიანის პერსონალური გადაწყვეტილება.
ბრიტანეთი მისი არსით, მენტალიტეტით ევროპული თვითმყოფადობის საყრდენია, ამიტომ თუ ის იქნება ევროკავშირის მიღმა, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა შეიცვალა, არამედ შეიცვალა მხოლოდ ევროპული სტრუქტურა. მაგრამ ევროპული ქვეყნები შექმნიან თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რაც ძალიან საინტერესოა ევროპული ქვეყნების ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის მხრივ. იქნება ეს შვეიცარია, ბრიტანეთი და შესაძლოა, საქართველოც იყოს შემდეგი სამიზნე, რომელიც გადმოიტანს ამ თანამშრომლობის ფორმატს, რაც უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებული და დროული დასრულება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციას ახლავს ის კონკრეტული სირთულეები და გამოწვევები, რომელიც ევროგაერთიანებაში მუდმივად არსებობს, თუმცა ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომ გახდეს საერთო ღირებულებებსა და დაცულობაზე დაფუძნებული ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი, ვერ შეცვლის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია.
საუბარი ასევე შეეხო NATO-ს ვარშავის სამიტის შედეგებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს იყო მნიშვნელოვანი სამიტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და აღნიშნა, NATO-მ უნდა შექმნას კიდევ უფრო დიდი უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც უზრუნველყოფს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოთა დემოკრატიული განვითარების უსაფრთხოებასა და დაცულობას.
შეხვედრის მოდერატორი საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმების მიერ მავთულხლართებისა და სასაზღვრო ნიშნების უკანონო დაყენების საკითხსაც შეეხო. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ფაქტები უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს. გიორგი მარგველაშვილმა მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის პრეზიდენტისადმი და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა კისკამ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პირადი გადაწყვეტილებით მოინახულა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რაც საქართველოს მხარდაჭერის მტკიცე დასტური და მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა წინასაარჩევნო გარემოზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას ჯერ კიდევ არ მიუღია სათანადო პასუხი კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მისი თქმით, აუცილებელია, სწრაფად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და დამნაშავეებს შესაბამისი პასუხისმგბელობა დაეკისროთ.
სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პროკურატურასა და საგამოძიებო სტრუქტურებს დროულად და ამომწურავად გასცენ პასუხი კორცხელის ინციდენტის ირგვლივ დასმულ კითხვებს, რათა მომავალში თავიდან იყოს აცილებული მსგავსი უკანონობის განმეორება.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამეტო არჩევნები მაღალი ევროპული სტანდარტებით ჩატარდეს, რაც საქართველოს ევროპულ გზაზე წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.
შეხვედრის დასასრულს, GLOBSEC-ის თავმჯდომარემ რასტისლავ კაჩერმა საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის პრეზიდენტისგან სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















