სააკაშვილის განაჩენი სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციების ლოგიკური შედეგია - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 15:50 | 05.01.2018
ნანახია: 1552

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის  განცხადებით, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განაჩენი არის გაგრძელება და ლოგიკური შედეგი თავის დროზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი რეკომენდაციებისა, როცა მან შეშფოთება გამოთქვა იმ მართლმსაჯულების გამო, რაც საქართველოში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით განხორციელდა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე ობიექტური გამოძიება და ობიექტური მართლმსაჯულება წარიმართა.

,,დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი. დადგინდა კონკრეტული პირის ბრალეულობა და სასამართლომ შესაბამისი განაჩენი გამოიტანა“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს, 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთანავე ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლითა და 5 თვის ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე