ბელარუსში დესტაბილიზაციას უკრაინის ტერიტორიიდან ახდენენ - ლავროვი

საქართველო, თბილისი - 14:35 | 02.09.2020
ნანახია: 914

რუსეთის ფედერაციას აქვს მტკიცებულება, რომ ბელარუსში დესტაბილიზაციას უკრაინის ტერიტორიიდან ახდენენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„გვაქვს მონაცემები 200-მდე ექსტრემისტის შესახებ, რომლებიც უკრაინაში არიან მომზადებულნი ბელარუსში დესტაბილიზაციისათვის. სპეცსამსახურები მათი საქმიანობის შესწავლით უნდა დაკავდნენ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთს მიაჩნია, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა.

„როგორც ვლადიმირ პუტინმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევნები შედგა, ვიმედოვნებთ, რომ ვითარება დიალოგის შედეგად ნორმალიზდება“, - განაცხადა ლავროვმა.

ორი კვირაზე მეტია ბელარუსში გრძელდება მასობრივი პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაური ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ამ თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.

არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 80.1% -მა ხმა მისცა ლუკაშენკას, 10.12% - მის მთავარ მოწინააღმდეგეს სვიატლანა ციხანოუსკაიას.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე