მთავრობა იძულებული ხდება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს - "ქართული ოცნება"
საქართველო, თბილისი - 12:38 | 15.03.2022 ნანახია: 311
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭო საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს.
სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, აშკარად იკვეთება უარყოფითი ტენდენცია და ჩვენი ვალია, ამ ტენდენციაზე იმთავითვე მოვახდინოთ პოლიტიკური რეაგირება, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ შეუქმნას.
ვიდრე დეტალებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს გვინდა მოვუწოდოთ, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და განსაკუთრებით, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.
გუშინდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება. აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. თუმცა, პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.
როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს.
სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება - პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.
საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია. საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა.
სრულიად გაუგებარი იყო პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შესახებ. უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის იქმნება. ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა. მთავრობის სხდომებთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან რეგულარულად იმართება ოპერატიული თათბირები უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თათბირზე იქნა მოწვეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელსაც მიეცა განმარტებები პრეზიდენტის ვიზიტის მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა.
უკანასკნელ პერიოდში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც. კერძოდ, თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა უხერხულობას, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის პირობებში, ამგვარი აქტი უკავშირდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი განზრახვა ამ მიზეზით დაუმალა. უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემისა და სოლიდარობის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის პრეზიდენტის მიერ შექმნილი უხერხულობა აგვერიდებინა და პარლამენტის სხდომაზე მის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა სათანადოდ გამოვხატეთ.
გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი „გამორჩეული“ იყო შემდეგი ფრაზა - „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“. ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავ და უღირს მოქმედებაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა - იქნებოდა ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერება, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობა, ჰააგაში შეტანილი საჩივრის თანაავტორობა თუ სხვა. თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას. იმედი გვაქვს, ის არ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც სანქციებსა და ომზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა, ყველა პროვოკაციით ცდილობს, ხელისუფლებას სწორედ აქეთკენ უბიძგოს.
არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი როგორც კი ხდება მინისტრი, პოლიტიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ის აღარ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ხდება მმართველი კოალიციის წარმომადგენელი. საზოგადოების ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმაზე, თუ როგორია ეს ოპოზიცია, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს. გაუგებარია, როგორ ასაბუთებს პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ოპოზიციონერის დანიშვნის მიზანშეწონილობას, როცა გუშინ თავადვე აღნიშნა დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტი, რომ ოპოზიცია „დადის და (სახელმწიფოს) ძირს უთხრის“. რა სარგებელი უნდა ჰქონდეს ძირგამომთხრელის დანიშვნას ევროინტეგრაციის მინისტრად, საზოგადოებას თავადაც შეუძლია განსაჯოს. გარდა ამისა, პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსების - ბორელის, მაკრონის, შოლცის და სხვების სიტყვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, სამწუხაროდ, არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი. გასატარებელია არაერთი რეფორმა, რასაც არაერთი წელი დასჭირდება. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დღემდე ძალისხმევა არ დაუკლია და არც მომავალში დააკლებს. ამ პირობებში, გაუგებარია, რა საჭიროა ღია კარის მტვრევა, რაც რადიკალური ოპოზიციის ცნობილი ხელწერაა. როგორც გავარკვიეთ, ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციონერის დანიშვნა იყო პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის ძირითადი სათქმელი, რაც, თავისთავად, მრავლისმთქმელია.
საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და
პოლიტიკა
- დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის
- გარე ჩარევის მიუხედავად, რუმინელი ხალხის ხმა ნათელი და მტკიცე იყო, ვულოცავ რუმინეთს და ნიკუშორ დენს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს - სალომე ზურაბიშვილი
- პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, მას საკმარისი დამოუკიდებლობა აქვს, რომ ის საქმიანობა აწარმოოს, რაც კონსტიტუციით აქვს დავალებული - გია ვოლსკი
- აუცილებელი იყო "მეგობარი აქტზე" კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისთვის, რომ სიჩუმით რაღაც თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე - გია ვოლსკი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
- უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია
- „ქოლგა თბილისი ფოტო“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა
- როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
სამართალი
- პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
მსოფლიო
- მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, როგორ გავიდეს ომიდან - ჯეი დი ვენსი
- სტამბოლში შეხვედრაზე რუსები პროვოკაციულად და უხეშად იქცეოდნენ, ისევე როგორც 2022 წელს გამართული მოლაპარაკებების დროს, იმეორებდნენ მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც შეუძლებელია - მიხაილო პოდოლიაკი
- ფინეთი, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე, უკრაინას საბრძოლო მასალას გადასცემს
- ხმათა 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის მერმა ნიკუშორ დანიმ გაიმარჯვა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
- Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში
- „თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს