ევროკომისია საქართველოსთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის წინადადებით გამოდის

საქართველო, თბილისი - 17:56 | 08.06.2022
ნანახია: 508

ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის წინადადებით გამოდის, - ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის სახელით ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

"ჩვენ საქართველოსა და მოლდოვასთვის არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების გაზრდის წინადადებით გამოვდივართ. ეს ხელს შეუწყობს ლოგისტიკის, კიბერთავდაცვის, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ამ წინადადებას ივნისში წარვადგენთ, რათა საბჭომ ივლისში მიიღოს.

უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას", - აღნიშნა დომბროვსკიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე