მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაშიც, მაგრამ მთავრობისგან მივიღე კიდევ ერთი უარი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:47 | 10.06.2022
ნანახია: 386

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელიდან ეხმიანება საქართველოს სახელისუფლებო რგოლის კომენტარებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

"მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ჩემი ოფიციალური ვიზიტიდან, იტალიიდან იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს მე საშუალებას, რომ ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.

მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და კიდევაც უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, რადგან არ იქნებოდა ეს დაჩქარების პროცესი. მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე.

მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.

მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი საქართველოს კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ, კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი.

მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ პროცესის წინ წასაწევად - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასად, რომ ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს", - ამბობს პრეზიდენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე