ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება, უზრუნველეყოთ ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა - დიპლომატები

საქართველო, თბილისი - 16:44 | 24.06.2022
ნანახია: 461

ქართველი დიპლომატები, რომელთაც სხვადასხვა დროს, ელჩების თანამდებობები ეკავათ, ეხმიანებიან ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე.

დიპლომატების განცხადებით, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება მათ, უზრუნველეყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.

"სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის საბჭომ სრულიად გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა კონკრეტული წინაპირობები. ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ქართული დიპლომატიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია.

უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობის ნაცვლად ანტიევროპული რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს, უზრუნველეყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ყველა დიპლომატს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი შეუძლია, შეუერთდეს ამ განცხადებას", - ამბობს დიპლომატი გიგი გიგიაძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე