კანადა უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის ტანკების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 26.01.2023
ნანახია: 302

კანადის შეიარაღებულ ძალებში განიხილავენ უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნის შესაძლებლობას. ამ ეტაპზე კი უწყებაში მსჯელობენ უკრაინისთვის რა რაოდენობის ტანკების გადაცემას შეძლებენ.

ინფორმაციას კანადური გამოცემა Ottawa Citizen თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც წყარომ გამოცემას აცნობა, კანადის სამხედრო-საჰაერო ძალები აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებენ С-17-ის ტიპის თვითმფრინავებს ტანკების გადასატანად პოლონეთში, საიდანაც უკრაინაში მათი ტრანსპორტირება მოხდება.

გამოცემა წერს, რომ კანადის შეიარაღებულ ძალებს შეიარაღებაში აქვთ Leopard 2-ის ტიპის 112 ტანკი.

წყაროს თქმით, კანადა იმედოვნებს, რომ უკრაინას სულ მცირე Leopard 2-ის ტიპის 10 ტანკს, ან მეტსაც მიაწვდის.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ივარაუდა, რომ ტანკების გადაცემა უახლოეს ხანებში მოხდება.

 „როგორც იცით, კანადა ყოველთვის ცდილობს ყველაფერი გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში ინფორმაციას მოგაწვდით“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე