დამიჭირა ქუჩაში და მიზელდა მკერდს, მე ხმა ვერ ამოვიღე - ლია ლიქოკელი სექსუალური შევიწროების შესახებ ყვება
საქართველო, თბილისი - 18:19 | 19.10.2017 ნანახია: 30653
პოეტი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას #მეც #metoo ეხმაურება საკუთარი ისტორიით:
,,მგონი ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ვიტყვი, რომ #მეც. #MeToo. ძალიან ვრცლად გამომივიდა, და შეგიძლიათ არ წაიკითხოთ, მთავარია, რომ მეც აქ ვარ, მეც ქალი ვარ, და მეც მეხებოდნენ და ძალადობდნენ, და ეს საერთოდ არ არის სასაცილო.
გვიანი შემოდგომაა, მზიანი დღის ბოლო სკოლაში. მარტო ვარ კლასში, და ორი ჩემი კლასელი ბიჭი შემოდის და ოთახის კარს კეტავენ შიგნიდან. მიკვირს. რაღაც სხვანაირად შემოვიდნენ, კარი ჩაკეტეს და თავზე დამადგნენ. ერთი ამბობს: "კურტკები მაინც გავიხადოთ, სხვას თუ არაფერს იხდით". და იხდის ქურთუკს. რაღაც ხდება, ასე რატომ მელაპარაკებიან. ვზივარ. ადექი, მეუბნებიან. არ ავდგები, ვამბობ მე. ძალიან მიახლოვდებიან, ძალიან. ვზივარ. მეორემ მუხლები გამაწევინა, დავიძაგრე, მთელი ძალით შევეწინააღმდეგე, მაგრამ მომერია, ძალით გამაშლევინა ფეხები და მუხლებსშორის ჩამიდგა. ძალიან ახლოს, ძალიან. მეხებიან. და მელაპარაკებიან. ცუდად. ღმერთო, რა ცუდად. არ მახსოვს, რა სიტყვებით, ჩემმა ტვინმა არ დაიმახსოვრა. უბრალოდ, საზიზღრობებს მელაპარაკებიან და მეხებიან. მე ვიმეორებ: კარი გააღეთ. კარი გააღეთ. კართან ბავშვები მოგროვდნენ და ღრიჭოდან იჭვრიტებიან. ჯერ მრცხვენოდა, ახლა უკვე მეშინია. გარეთ მინდა გასვლა. იქნებ ვინმემ კარი გააღოს. მეტი არაფერი არ მინდა. ხმას არ ამოვიღებ.
კარი გააღეს. ბოლოსდაბოლოს რომელიღაც მასწავლებელი მოადგა და იძულებულები გახდნენ, გაეღოთ. რა მოხდა? კითხულობენ. არაფერი, ვამბობ მე. არაფერი, უბრალოდ ვლაპარაკობდით.
და მე ამაზე არასოდეს ვილაპარაკებ. არც სახლში, არც ბავშვებთან. მე ამას ვივიწყებ. უბრალოდ, მეზიზღება, და - მეზიზღება ჩემი თავი ამ ამბავში - ეს მნიშვნელოვანია, ამიტომაც უნდა დავივიწყო, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამავიწყდება. და ჩვეულებრივად ვაგრძელებ მათთან ერთად ცხოვრებას. სკოლაში სიარულს. სიცილს. ისინიც ასე, ვითომ არაფერი მომხდარა.
ჰო, მგონი ეს იყო პირველი. იყო სხვებიც იქვე, და მერე - უკვე ქალაქში - ვინ მოთვლის. პირველი აქაურიც მახსოვს: ჯერ კიდევ ბავშვს, დაბალი, შუახნის მელოტი კაცი მომყვება მეტროდან, გვიან საღამოს, და ცდილობს სადღაც წამათრიოს. იმიტომ რომ გავუღიმე. მეტროში, ვაგონში, შემთხვევით (?) რომ დავეჯახეთ ერთმანეთს და მოვუბოდიშე და გავუღიმე. მე ჯერ არ ვიცი, რომ არასოდეს, არასოდეს არ უნდა გავუღიმო ასე კაცებს, და არ შევხედო თვალებში. ამის შემდეგ მეცოდინება. ახლა გავიქცევი. თავქუდმოგლეჯილი. და ამის შემდეგ აღარავის შევხედავ.
თუმცა მაინც მეხებოდნენ ტრანსპორტშიც და მაინც მომყვებოდნენ ქუჩაში, თუ შემომიღამდებოდა. მახსოვს, როგორ შევვარდი გზად აფთიაქში და უნებურად პირდაპირ დახლს მიღმა გადავძვერი სრულიად გონდაკარგული და იქ ქალებმა დამამშვიდებლები დამალევინეს მას შემდეგ, რაც ორმა ბიჭმა დამიჭირა ქუჩაში და გაბორკილი მათრია ნახევარი ქუჩა. თან მკოცნიდნენ. მლოშნიდნენ - მაშინ ვიგრძენი ეს სიტყვა. როგორღაც დავუსხლტი, აღარ მახსოვს, და ის აფთიაქი იყო იქვე.
ისიც მახსოვს, უკვე გვიან, გაზრდილს და აღარ მშიშარას, როგორ მისრისა ძუძუები ერთმა კვლავაც შუახნის, აყუდებულმა კაცმა, ფრიად სოლიდურად რომ გამოიყურებოდა, დამიჭირა ქუჩაში, ხალხმრავლობაში, ვიწრო გასასვლელში მიმიმწყვდია და მიზელდა მკერდს მშვიდად, და მე ხმა ვერ ამოვიღე, და მარტო იმას ვფიქრობდი, რომ ლიფი არ მაცვია და ალბათ ამ ჯემპრის მიღმაც ჩანს რომ არ მაცვია და ეს გამომწვევია და უნდა ჩამეცვა ლიფი, ჩემი ბრალია, ამიტომაც მოიქცა ასე. ღმერთო, რამდენჯერ მიფიქრია, რომ ჩემი ბრალია.
და არა მხოლოდ ასეთ ამბებში, ყოველთვის, უკვე მერე, სხვა კაცებთან, ჩემს კაცებთან, მე ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრალია, თუ რამე ისე არ არის. მე ვიწვევ. მე ვარ ცუდი, საზიზღარი, ნაკლული, და მოსახმარი - მე ამას ვიმსახურებ.
ერთმა კაცმა მითხრა წინაზე, რომ სექსისტი ვარ. და რომ ,,მუჟიკები" მომწონს, უხეში მაჩოები, ასეთები მიზიდავენ, და რომ ეს არასწორია. თქვა ისიც, რომ ასე შეუძლებელია კომუნიკაცია კაცებსა და ქალებს შორის. არაფერი მითქვამს. გავიცინე. და გავიფიქრე, რომ ეს არის საშინელი ცინიზმი, ჩემთვის ამის თქმა, ამ კულტურაში ქალისთვის ამის თქმა. ეს არის ცინიზმი და გაუგონარი სისასტიკე. გვიან მომაფიქრდა პასუხი, მაგრამ ეს პასუხი არ არის ადვილი. ჰო, მე ,,მესმის" მოძალადე კაცების. იმიტომ, რომ მგონი მარტო ასეთები მინახავს. მე არ ვყოფილვარ თანასწორი. მე ვიცი, როგორია იყო ნივთი. მე ვიცი, როგორ ვიყო ჩუმად. ეს მასწავლეს მე. მე ვიცი, როგორ მეშინოდეს. და ვიცი, რომ შეუძლებელია კომუნიკაცია მოძალადესთან. იქნებ ამიტომაც ვირჩევ ასეთებს - ჩემთვის გასაგებია ურთიერთობა ურთიერთობის გარეშე. კომუნიკაციის გარეშე. მაინც ვერაფერს გავაგებინებ. ისინი ყოველთვის იტყვიან: ,,რა გინდა? რას მოითხოვ? აბა სად დაიჩაგრე? აბა რაში შეგეშალა ხელი?" არაფერში. უბრალოდ, დავმახინჯდი. ავადმყოფი ვარ. და როცა ასეთ ამბებს მოვყვებით, მაშინაც არ დაიზარებენ: ,,რავიცი, მე ძალიანაც მომეწონება ვინმე ნაშა მეხახუნოს მეტროში და ძუძუები მიზილოს". ამიტომაც მინდა ხოლმე, თავი დამანებონ. მაინც ვერ გავაგებინებ. იყოს ისე, როგორც უნდათ, ბოლოსდაბოლოს, ხომ მოსწყინდებათ, ხომ გამიშვებენ ხელს, ხომ გააღებენ იმ კარს, ხომ გავლენ ჩემიდან, და ხომ დავრჩები ისევ ამ ჩემს უსახურ მზეში, ზამთრისპირზე რომ იცის, ისეთ მზეში.
ასე ინგრევა ყველაფრი, ასე ხდება ცუდად ყოფნა და ბედნიერების ვერშეგრძნება ნორმალური ცხოვრებაში. მერე ისევ ჩვენ გვადანაშაულებენ - რატომ ხართ მახინჯები, რატომ ხართ ავადმყოფები. ძალადობა კლავს და ამახინჯებს, როგორ უნდა გადარჩეს მშვენიერება იქ, სადაც ერთადერთი ენა მოძალადისა და მსხვერპლის ენაა. როგორ უნდა შევძლო ნამდვილი ლაპარაკი, თუ არავინ მომისმენს და ვერავის გავაგებინებ.
და თუ ვინმეს მოყოლილი ისტორიები საკმარისად მძაფრი არ ეჩვენება, თუ სასაცილო ეჩვენება, შემიძლია, დაწვრილებით მოვუყვე მთელ ჩემს ცხოვრებაზე. მაგრამ არა იმიტომ, რომ გული ავუჩუყო - ჩვენ, აი აქ, ამ დროში და ამ სივრცეში მყოფ ქალებს, ეს არაფერში გვჭრდება. უბრალოდ, გვინდა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ბოლოსდაბოლოს, განვიკურნოთ, გამოვჯანმრთელდეთ ყველანი - თითო ადამიანი და მთელი ადამიანობა, კაცობრიობა", - წერს ლია ლიქოკელი.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















