ვერიკო ანჯაფარიძის ანდერძი
საქართველო, თბილისი - 10:23 | 30.01.2016 ნანახია: 15623
1987 წლის 30 იანვარი გათენდა. 90 წელს მიტანებული დიდი ტრაგიკოსი მსახიობი საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით იწვა. მიუხედავად ასაკისა, ყველას უკვირდა – რა დაემართაო! ის იყო, მართლაც, უბერებელი ხელოვანი, მარად ახალგაზრდა, რომელმაც ამ ასაკშიც კი შეინარჩუნა სხივი და ელვარება მზერაში, თვალი არ დაუბერდა!
ჯერ კიდევ 1986 წლის 1 სექტემბერს, 5 თვით ადრე გარდაცვალებამდე, მაშინდელი თეატრალური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გაიმართა საზეიმო შეკრება მიძღვნილი სასწავლო წლის დაწყებასადმი. როცა ინსტიტუტის მაშინდელმა რექტორმა, ეთერ გუგუშვილმა, სიტყვა ვერიკო ანჯაფარიძეს მისცა, დარბაზი ფეხზე წამოდგა:
„თქვენ ფეხზე ადექით, რატომ? (პაუზა...) თუმცა, ვიცი, რატომ და სწორია რომ ადექით. თქვენ ადექით იმიტომ, რომ მე 88 წლის ვარ (რამდენიმე დღეში შეუსრულდებოდა 89 წელი, ამიტომ გამოიყენა ეს საშუალება და არ თქვა, 89 წლის ვარო) და აქ ვდგავარ, თქვენ წინაშე, მაგრად ვდგავარ და ეს ფეხზე მაგრად დგომა ასეთი უსასრულოდ გრძელი და ძნელი გზის დამლევს ის საკვირველებაა, რომლის წყაროც, საწყისიც და ახსნაც ისევ და ისევ თეატრია. მე არასოდეს არ მქონია თეატრისაგან გამიჯნული არც სახლი, არც კერა, არც სიცოცხლე, არც მიზანი... თეატრი დაკავშირებულია უდიდეს ტანჯვასთან, უდიდეს პიროვნულ დრამასთან, უდიდეს მსხვერპლთან. არც ერთი პროფესია არ მოითხოვს ადამიანისაგან ისეთ თავგანწირვას, ისეთ, შეიძლება ითქვას, ღალატს პირადი ცხოვრების, ოჯახისა და ახლობლებისას, როგორსაც _ თეატრი. მე ხშირად თვალწინ დამიდგა ჩემი ოჯახი, შვილები, ჩემი სოფიკო, რომლებსაც რამდენი რამ მოვაკელი, რადგან მათ და არც მე თვითონ არ გვეკუთვნოდა ჩვენი დრო, არც გულისყური, არც სუნთქვა, არც სისხლი... ყველაფერს მოითხოვდა თეატრი, ყველაფერს ურჩხულივით ითვისებდა და ნთქავდა.
და, ამასთან ერთად, არცერთი სხვა პროფესია არ მოგანიჭებთ ისეთ ბედნიერებას, როგორსაც _ თეატრი, იმიტომ რომ თეატრი, თქვენი საკუთარი ერთადერთი სიცოცხლის ნაცვლად, ათასი სხვა სიცოცხლით მოგამარაგებთ. თეატრი მოგანიჭებთ უნარს, ათასჯერ გაიმეოროთ თქვენი ცხოვრება, ათას ქვეყანაში, ათას ეპოქაში, ათასი სახით... მოგცემთ ბედნიერების ისეთ განცდას, რომელიც ათასჯერ აღემატება ჩვეულებრივს, ცხოვრებისეულს, ბედნიერებას, რომლის გამო სამუდამოდ თეატრის მონა ხდები: ყველაფერს თმობ ამ გაუმაძღარი, სასტიკი და ზებუნებრივი სიხარულის მომნიჭებელი სასწაულისთვის. და აი, მე, ამ უძნელესი და უბედნიერესი გზის ბოლოს მდგომი, დღეს გზას გილოცავთ თქვენ, ახალფეხშემოდგმულთ“.
არ წამიკითხავს და არც მომისმენია პროფესიის ასეთი შეფასება და ანალიზი. მსახიობის ეს გამოსვლა ნიმუშია აზრისა და განცდის უკვდავებისა!!!
მას არ ვიცნობდი, არ შევხვედრივარ, არც სცენაზე მინახავს... მაგრამ მთელი ბავშვობა გავატარე მისი და, შესაბამისად, თეატრის სიყვარულით, რადგან ჩემთვის ვერიკო თავად იყო თეატრი. მისი ყოველი გამოჩენა ტელეეკრანზე თავისი მკვეთრად გამორჩეული, შთამაგონებელი და შთამბეჭდავი ფაქტურით, განუყრელი სამაჯურით, რაღაც იდუმალს რომ თხზავდა მასში, დასამახსოვრებელი ინტონაციით, მანიჭებდა აუხსნელ ბედნიერებას!
ვერიკო არ იყო გამორჩეულად ლამაზი, მით უფრო მაშინ, როცა მე ის მახსოვს, მაგრამ ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნდა. მას ჰქონდა გასაოცარი მომხიბვლელობა.
დიდი ქართველი თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე თავის მონოგრაფიაში `ვერიკო ანჯაფარიძე~ წერს: ”ერთხელ ძალზე საქმიანად დამიბარა: ჩემს რამაზთან დამასაფლავეთ. თუ სისხლი ჩამექცეს, მაშინვე მომისპე სიცოცხლე, _ ამას შენ გიბარებ. შემაძრწუნა დანაბარებმა... რა დაგიშავეთ-მეთქი?! _ წარბი შეიკრა და მკვახედ მიპასუხა: შენ თუ არ გესმის, რომ არ შეიძლება ვინმემ სახემონგრეული ვერიკო ანჯაფარიძე ნახოს, რა ფასი აქვს ჩემდამი შენს დამოკიდებულებასო”.
დედის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, სოფიკო ჭიაურელმა გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო მის ნივთებთან მიახლება. უჯრაში კონვერტს წააწყდა წარწერით `სოფიკოს~. ხელწერა იცნო, ანდერძი აღმოჩნდა. ვერიკო ანჯაფარიძე შვილს სწერდა: ”თუ დამბლა დამეცემა, გაფიცებ ყველას, - მამისა და ძმის ხსოვნას, შენი შვილების სიცოცხლეს, - ნუ გამიმეტებ ტანჯვისთვის. სულ ერთია, სიცოცხლისკენ რომ მომაბრუნონ, მაინც ხეიბარი დავრჩები - ეს კი მე არ დამიმსახურებია! ძალით ნუ წამიყვან საავადმყოფოში. აქ, საკუთარ საწოლში, უფრო ადვილი იქნება სიკვდილი. არადა, რამდენი ხანია, მინდა, ჩემი ვაჟის გვერდით განვისვენო. სწორედ ამისთვის არსებობს ძლიერი დასაძინებელი საშუალებანი - უნდა გაკეთდეს ინექცია, ერთი პატარა ნემსი! გეცოდინება, რომ ამით მომგვრი სიმშვიდეს. მხოლოდ ამას გთხოვ!” (ანდერძი რუსულ ენაზე იყო დაწერილი: ”Если меня хватит удар, - заклинаю всеми, и памятью отца и брата, и жизнью твоих детей, - пожалеть меня. Не позволяй мучаться, все равно, - если приведут к жизни, останусь калекой, а я ничем этого не заслужила. Не тащи меня в больницу, - здесь, на своей кровати, мне легче будет умереть, а я так давно хочу лечь рядом с моим мальчиком. Поэтому существуют сильные усыпляющие средства. Надо сделать инъекцию, - один маленький укол. Ты будешь знать, что этим даруешь мне покой. Только об этом прошу!”).
როგორც ვთქვით, მარადიული ახალგაზრდობა შეინარჩუნა 90 წელს მიტანებულმა. სიცოცხლის ბოლომდე აქტიური იყო, ისევ - ძიებაში. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მაშინდელ `საქინფორმის~ რედაქციას შესთავაზა მონოლოგი – მიმართვა ახალგაზრდობისადმი. უცნაურია, რატომ გაუჩნდა ამისი სურვილი, რა დარჩა კიდევ უთქმელი, გამოუვლენელი?! მაგრამ, მისი ეს წერილი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, მოღვაწის ტიპის მსახიობისგან კიდევ ერთი მაგალითია მომავალზე ფიქრისა, დასტური – მისი უბერებელი სულისა. მიმართვა, სათაურით ”ბედი არავის არ ანებივრებს, იგი მხოლოდ ღირსეულთ აჯილდოებს” გაზეთმა ”კომუნისტმა” 1987 წლის 7 მარტს გამოაქვეყნა. ვერიკოს გარდაცვალებიდან ერთ თვეზე მეტი იყო გასული. წერილის უაღრესად საინტერესო მნიშვნელობის გამო, რამდენიმე ამონარიდს მოვიყვანთ:
”რაც უფრო დიდ ხანს ვცოცხლობ, მით უფრო ნაკლებად ვეგუები სიბერეს. სიჭაბუკე თუ სიბერე – ამას განსაზღვრავენ არა განვლილი წლები, არამედ სულის ასაკი... კაცზე რომ გაიგონებთ, ”ბედის ნებიერიაო”, - ნუ დაიჯერებთ. ბედი არავის არ ანებივრებს, მაგრამ იგი გაჯილდოებს დაუცხრომლობის, უდრეკობის, პატიოსნებისა და უანგარობისათვის. მით უფრო გულუხვად გაჯილდოებს, რაც უფრო ნაკლებად ფიქრობ დიდებაზე, რაც უფრო მეტად პოულობ ამ ჯილდოს თვით შრომაში.
ერთგულება... ერთგულების ნიჭი დაბადებიდან არ დაჰყვება ადამიანს, იგი უნდა გამოიმუშავო. ადამიანის, საქმის, სამშობლოს ერთგულება იმ დიდი გარჯის ჯაჭვია, საკუთარი იდეალებისა და მიზნების სრულყოფას რომ ხმარდება. ”თვითდამკვიდრება” და ”თვითგამოხატვა” _ ასეთი რამ გაუგებარია ჩემთვის ცხოვრებაშიც და ხელოვნებაშიც. საკუთარ თავს კი არა, იმას ვამკვიდრებ, რაც ადამიანებისათვის ჩემს როლს მოაქვს. მან უნდა მოიცვას მთელი ჩემი არსება, დამიპყროს მთლიანად. და, რაკი მე როლის, თეატრისა და, მაშასადამე, ჩემი საქმის ტყვე ვარ – სწორედ ეს არის ჩემი ნამდვილი თავისუფლება – შემოქმედებითი, მოქალაქეობრივი, უბრალოდ, ადამიანური.
დრო გადის. იცვლება თამაშის მანერა. თითქოსდა მოძველდა უწინდელი თეატრალური ”მძაფრი ვნებანი”, მაგრამ ნუ აურევთ ერთმანეთში ტექნიკასა და გრძნობებს! აზრი დიდი ღირებულებაა, მაგრამ მაყურებელს, უწინარეს ყოვლისა, იტაცებს გრძნობები, განცდები, ვნებანი. დიახ, ვნებანი და დრო აქ არაფერ შუაშია! იქ, სადაც ნიჭია, აუცილებლად აზრიც არის.
მე ცხოვრების დიდი, გრძელი გზა გამოვიარე. უამრავი რამ განმიცდია და გადამხდენია თავს. დღეს გლოცავთ და მოგმართავთ თქვენ, ახალგაზრდებს: განცდილს ნუ გამოედევნებით; ნუ ითხოვთ: ”შეჩერდი, წამო!” დაე, გადიოდეს დრო, დაე, მოჰქონდეს მას ახალი შრომა, ახალი ძიებანი, ახალი საქმენი, ცხოვრებას უფრო საინტერესოს, შინაარსიანს, უფრო ნათელს რომ ხდის!”.
ახლა, ჩენს კრიზისულსა და მახინჯ დროში, როცა ყველა და ყველაფერი მხოლოდ პიარზეა გადაგებული, როცა ადამიანებს მხოლოდ საკუთარი თავის განდიდება და პირადი ამბიციები ახრჩობს, ვერიკო ანჯაფარიძის პროფესიული და მოქალაქეობრივი პოზიცია იმ დისკურსის გამომხატველია, რომელსაც საქმის თავგანწირული სიყვარული, ერთგულება და უმაღლესი ადამიანური ფასეულობა - ცხოვრების საზრისის ძიება ჰქვია!
საბა მეტრეველი
პოლიტიკა
- სამარცხვინო, ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება - სალომე ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე
- ვხედავთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაშავებული, მათ შორის უსამართლოდ გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე არ არის გამოსწორებული - ნინო წილოსანი
- „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია - ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს
- „მეგობარი აქტი“ არის აბსოლუტურად მტრული აქტი, ამ შემთხვევაში ტრამპზე გაიმარჯვა „დიფ სთეითმა“ - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულს უერთდება
- პაციენტებსა და მედპერსონალს საფრთხე არ ემუქრება, უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ პაციენტზე - „თოდუას კლინიკა“
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება
- საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
სამართალი
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
- მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
მსოფლიო
- მექსიკაში მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში მოკლეს
- იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
- ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები
- ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
- Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში
- „თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
- Tegeta Construction Equipment-ი JCB-ს TOP 80 დილერს შორის მოხვდა - ბრიტანულმა ბრენდმა 80 წლის იუბილე აღნიშნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს