ვის შეეხება ამნისტია - "ქართული ოცნების" კანონპროექტი
საქართველო, თბილისი - 17:32 | 04.05.2021 ნანახია: 1048
ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი გასაჯაროვდა. პროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული ყველა პირი, ვინც თავად არ აცხადებს უარს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
პროექტის მიხედვით, ამნისტია არ ეხებათ იმ პირებს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის ისეთი მუხელბით, როგორიცაა 117-ე, 144/1-ე და 144/3-ე მუხლები, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.
პროექტის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება ასევე ამავე პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამო პირობთი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირებზე, ასევე დანაშაულის მომზადება-მცდელობაში მხილებულ პირებზე.
"ქართული ოცნების" კანონპროექტი:
მუხლი 1.
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.
მუხლი 2.
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 1441-1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
მუხლი 3.
1. გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში იღებს შესაბამისი პროკურორი. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.
2. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის, ასევე მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით
გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სასამართლო სხდომაზე ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, იღებს შესაბამისი სასამართლო. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.
3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის:
ა) პენიტენციურ დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში;
ბ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.
5. ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სასამართლო სხდომაზე ამ კანონით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს:
ა) სააპელაციო სასამართლო, თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით;
ბ) უზენაესი სასამართლო, თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
6. თუ ძებნილ მსჯავრდებულს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, მის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს გენერალური პროკურატურა.
მუხლი 4.
1. პირის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი
გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დაუცველად, სასჯელის დანიშვნით. აღნიშნული განაჩენი საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
2. პირს, რომლის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს თავისი უარი ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე. თუ აღნიშნული უარი გამოხმობილი იქნა:
ა) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო;
ბ) სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის:
ა) პენიტენციურ დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში;
ბ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.
მუხლი 5.
ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისათვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება ბრალის წაყენების მომენტიდან.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
- კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესია სიონისკენ მიემართება
- გამხნევდით, ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს - მსოფლიო პატრიარქი
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















