აღმოიფხვრა მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის პრობლემა, იგი თანახმაა მკურნალობასა და ექიმებთან თანამშრომლობაზე - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 20:30 | 28.10.2021
ნანახია: 471

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაცული კომუნიკაცია შედგა და იგი თანახმაა, მკურნალობა გააგრძელოს. რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომ შეხვედრების ოთახში ბარიერი ისევ არის, თუმცა დატოვეს სივრცე წერილების გაცვლისთვის.

"აღმოიფხვრა პრობლემები მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ისეთი ფორმით, რაც გამორიცხავდა ჩვენ შორის საუბრის ჩაწერას სუს-ის მხრიდან.

მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება - უარი მკურნალობაზე, ანალიზებზე. ასევე მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა კონსოლიუმის წევრების მიმართ და მოიხადა ბოდიში, რომ დღეს არ შეხვდა მათ. ახლა უკვე ის ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ექიმებთან თანამშრომლობას", - თქვა ადვოკატმა.

27 ოქტომბერს სააკაშვილმა უარი თქვა შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე და მოითხოვა, რომ ადვოკატებთან კონტაქტისთვის შეხვედრების ოთახი პირვანდელი სახით დაბრუნდეს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 28 დღეა, საკვები არ მიუღია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე