ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 15:59 | 10.07.2026
ნანახია: 28

ევროკავშირის საბჭომ დღეს უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა (RRP) დაამტკიცა. ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ახალი გეგმის ფარგლებში უნგრეთი 10 მილიარდ ევროს მიიღებს, საიდანაც დაახლოებით 6,5 მილიარდი ევრო გრანტების, ხოლო 3,5 მილიარდი ევრო სესხების სახით გამოიყოფა.

აღდგენისა და მდგრადობის გეგმა განსაზღვრავს წევრი ქვეყნების ეროვნული რეფორმებისა და ინვესტიციების პროგრამებს აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმის (RRF) ფარგლებში. ეს მექანიზმი წარმოადგენს ევროკავშირის ეკონომიკური აღდგენისა და განვითარების პროგრამის ცენტრალურ ელემენტს - ევროკავშირის დროებით ინსტრუმენტს, რომლის მიზანია წევრ ქვეყნებში „მწვანე“ და ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარება, ასევე მდგრადობის, ერთიანობისა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერება.

გეგმის დამტკიცება უნგრეთის მიერ განახლებული დოკუმენტის წარდგენას მოჰყვა. ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, უნგრეთის წინა გეგმის ძირითადი ეტაპების შესრულების შეფერხებამ მისი განხორციელება შეუძლებელი გახადა. ამის მიზეზი გახდა ენერგომატარებლების ფასების მერყეობით გამოწვეული ხარჯების ზრდა, გეოპოლიტიკური ვითარების მოულოდნელი ცვლილებები, პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი სირთულეები, დროითი შეზღუდვებითა და მკაცრი ვადებით გამოწვეული შეფერხებები, ასევე სხვა გარემოებები.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, უნგრეთის ახალ ეროვნულ გეგმაში გათვალისწინებული რეფორმები და ღონისძიებები აღდგენისა და მდგრადობის ფონდის ყველა ძირითადი მიმართულების განხორციელებას შეუწყობს ხელს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე