შეიძლება კომუნიკაციაში შევცდით, მაგრამ ყოველდღიურად ვაკეთებთ ახსნა-განმარტებას, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის პროცესს - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 14:26 | 04.12.2024 ნანახია: 4983
„შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ისე ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეებში, ყოველდღიურად ვაკეთებთ ახსნა-განმარტებას, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის პროცესს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძე კიდევ ერთხელ შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და აღნიშნა, რომ საქართველო საბოლოოდ აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა ხელისუფლება არ დაუშვებს რომ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი შანტაჟის იარაღად იქნას გამოყენებული.
„დღეს ყველასთვის ცხადი გახდა ის, რაზეც კარგა ხანია ხმამაღლა და დაუფარავად ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, არეულობისთვის. ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობითა და მხარდაჭერით, დაიცავს ამ ქვეყნის, მოქალაქეების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის ამოქმედებას ქვეყნის შიგნით მოკალათებული უსამშობლო აგენტების ხელით.
ამის საპრევენციოდ ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა - ნაწილი იყო მტკივნეული და არაპოპულარულიც კი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ის, რის გამოაშკარავებას და გამჭვირვალობასაც ვითხოვდით, დღეს დევს ხელისგულზე და ყველას შეუძლია, საკუთარი ანალიზი გააკეთოს მიმდინარე პროცესებზე.
ერთი, რაც შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, საქართველოს „უკრაინიზაციის“ გეგმა არავის გამოუვა. სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, მუშაობს გამართულად და ამ ქვეყნის ჩამოშლას ვერავინ შეძლებს.
28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც დეტალურად იყო ახსნილი, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს ხელი მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც არის ე.წ. გზამკვლევი და რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს. ასევე, ითქვა ის, რომ ჩვენ არ გვინდა ყოველთვის ვიყოთ შანტაჟის ქვეშ და ამჯერად, როგორც წინა შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსი იყო შანტაჟის იარაღი. ახლა კი, შანტაჟის იარაღად გამოიყენება მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი. დღეს არ დარჩა ქვეყანაში ადამიანი, ვინც ვერ გაიგო რეალობა. შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ისე ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეებში ყოველდღიურად ვაკეთებთ ამ საკითხის გარშემო ახსნა-განმარტებას.
ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, რომელსაც აქვს უდიდესი კულტურა, ტრადიციები, წარსული, რითაც ვამაყობთ და ამით ვართ საინტერესო ევროპული ოჯახისთვის. კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ევროპის ზოგიერთი მაღალჩინოსნის და ევროპარლამენტარის მხრიდან ვხედავთ, თუ როგორ აშანტაჟებენ ქვეყანას. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, დადეთ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დღესვე მოაწეროს ხელი.
ევროპა მხოლოდ სიტყვები არ არის. რა არის ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რაზეც ევროპაა დაფუძნებული? პირველ რიგში, ესაა მშვიდობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებების დაცულობა, რაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, პირველ რიგში, საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ევროპულად და დავიცვათ ეს ღირებულებები.
სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, სრულიად საპირისპირო ქმედებებს ვხედავთ - დაზიანებული, განადგურებული ინფრასტრუქტურით, დაშავებული სამართალდამცველებით; მოქალაქეებით, რომლებიც ისვრიან ყველაფერს, რისი საშუალებაც გააჩნიათ, მათ შორის, არასრულწლოვანების ხელიდან. გუშინ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის მოსწავლეების მიმართ მოწოდებებს აკეთებდა. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია, ბავშვებს, არასრულწლოვანებს საპროტესტო აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებს. ეს ადამიანი მგონი საერთოდ ვეღარ აზროვნებს და წყობიდან გამოსულია. ის არ წარმოადგენს ამ ქვეყანას და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. საზოგადოება მის ქმედებებს შესაბამის პასუხს გასცემს.
გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა და ისწრაფოდე მისი განვითარებისთვის, სწორედ ეს არის ევროპული ღირებულებები. სწორედ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუციაში - ქვეყნის უმაღლეს კანონში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია; რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას; რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტით ევროპის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი; ვინც მოახერხა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისთვის მიეღწია; ვინც შანტაჟისა და უამრავი შეურაცხყოფის მიუხედავად, მიიღო კანდიდატის სტატუსი; ჩვენ ვიქნებით ის ქვეყანა, რომელიც საბოლოოდ ევროკავშირის წევრი გახდება, ღირსებით და თავაწეული.
ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, რაც ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი წამყვანი ქვაკუთხედია. თუ რაღაცის გაპროტესტება გინდათ, გააპროტესტეთ, ხელს არავინ გიშლით, მაგრამ მშვიდობიანად. ნუ გავანადგურებთ ჩვენს სამშობლოს, დედაქალაქს, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ამ ქვეყნის შვილებს, ნუ დავაბულინგებთ მათ.
ჩვენ ვხედავთ როგორი შეურაცხყოფა და ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანებზე. ვინც ცოტა სხვანაირად ფიქრობს, არ ემხრობა ძალადობრივ ქმედებებს და აქციებს, ვერ წარმოიდგენთ როგორი ბულინგის მსხვერპლი ხდებიან. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის; რაც ანგრევს და ხლეჩს საზოგადოებას, ერთმანეთთან აპირისპირებს ადამიანებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს ბოროტება.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველას, ვინც აქციების დროს დაშავდა, ეს იქნება პოლიციელი, მედიის წარმომადგენელი თუ აქციის მონაწილე.
ბოლოს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს, რომლებსაც ბოლო დღეებია უწევთ 24-საათიან რეჟიმში მძიმე შრომა, ღამისთევა, რათა დედაქალაქის მთავარი გამზირი შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული და დასუფთავებული იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















