260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
საქართველო, თბილისი - 15:28 | 26.12.2025 ნანახია: 8998
- სტრატეგიული ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია (ADB)
- ემისია თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით განხორციელდა
ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ „თეგეტა ჰოლდინგმა“ ლარში დენომინირებული, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები (SLB) წარმატებით განათავსა. ემისიის მოცულობა 260 მილიონი ლარია. საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ეს ეროვნულ ვალუტაში გამოშვებული SLB ობლიგაციების პირველი შემთხვევა და ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა. ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი TIBR 6m + 3%-ით განისაზღვრა.

ობლიგაციების ძირი თანხის 50% 3 წელიწადში დაიფარება, მეორე ნაწილი კი - 5-ში. ინვესტორები სარგებელს ნახევარწლიურად მიიღებენ. მდგრადობასთან დაკავშირებული ბონდების მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია (ADB). ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია - მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ნაწილი ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმაც შეიძინეს.
ემისიის შედეგად მოზიდული ფინანსური რესურსი მთლიანად მდგრადი განვითარების მიზნებს მოხმარდება.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების განთავსება ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის კაპიტალის ბაზარზე უპრეცედენტოა. ეს ნაბიჯი ნათლად ადასტურებს „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც გამოცდილი და მაღალი სანდოობის მქონე კორპორაციული ემიტენტის, ძლიერ პოზიციას. ამასთანავე, ასახავს ჩვენს სტრატეგიულ ხედვას - განვავითაროთ ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც SLB სტანდარტებს შეესაბამება და საერთო ეკოლოგიური სარგებელი მოაქვს.
მივყვებით ჩვენს გრძელვადიან სტრატეგიას და ვაგრძელებთ ინვესტირებას ისეთ პროექტებში, რომლებიც ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას, აძლიერებს ეკომეგობრულ ინფრასტრუქტურას და ამყარებს ჩვენს ლიდერ პოზიციას რეგიონში. მიგვაჩნია, რომ ასეთი ფინანსური ინსტრუმენტები არა მხოლოდ ზრდის კომპანიის კონკურენტუნარიანობას, არამედ დადებით გავლენას ახდენს, ერთი მხრივ, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე და, ამასთან ერთად, ხსნის ახალ შესაძლებლობებს კერძო სექტორისთვის, მით უფრო საავტომობილო სექტორში“.

ემიტენტის მიერ აღებული ვალდებულებების ჩარჩო დოკუმენტი აზიის განვითარების ბანკთან კოორდინაციით მომზადდა. მკაფიოდ გაწერილი მიზნები პროსპექტით გათვალისწინებულ ვადებში უნდა შესრულდეს. მდგრადი ტრანსფორმაციის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ პასუხისმგებლობას იღებს: შექმნას სრულად დაბალემისიანი ბიზნესმოდელი, ასევე SLB ემისიით მობილიზებული თანხის ნაწილი ლიზინგისა და ფლიტ-მენეჯმენტის მიმართულებების განვითარებაზე დახარჯოს, რაც საქართველოსა და სომხეთში ავტოპარკების ეტაპობრივ ჩანაცვლებას და ეკომეგობრული, ჰიბრიდული და ელექტრიფიცირებული ავტომობილების წილის ზრდას უზრუნველყოფს. ამასთანავე, „თეგეტა“ ვალდებულია, ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის განვითარება შეუფერხებლად განაგრძოს.
ლესლი ბეარმან ლამი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში: „მოხარულები ვართ, „თეგეტასთან“ პარტნიორობის გაღრმავებით. 2023 წელს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოვუშვით საქართველოში პირველი მწვანე ობლიგაციები ლარში, და ახლა მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ობლიგაციები ლარში. ეს ტრანზაქცია არა მხოლოდ მწვანე ტრანსპორტს ავითარებს; ლარში გამოშვებით, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კაპიტალის ბაზრების გაღრმავებაში და ქმნის მნიშვნელოვან პრეცედენტს დეკარბონიზაციასთან შესაბამისი ინვესტიციებისთვის კავკასიის რეგიონში“.

მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები „თეგეტა ჰოლდინგმა“ თიბისი კაპიტალთან და გალტ & თაგარტთან პარტნიორობით გამოუშვა. ტრანზაქციის იურიდიული მრჩევლები BLC და Dentons იყვნენ.
გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი: „მოხარულები ვართ, კიდევ ერთხელ შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში და ვიმუშაოთ ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“. 260 მილიონ ლარამდე მოცულობის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ემისია ახალი მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც კომპანიისთვის, ისე ბაზრისთვის.
ეს ტრანზაქცია თვალნათლივ აჩვენებს, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და წამყვანი ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კაპიტალის ბაზარი მასშტაბური, გრძელვადიანი ინსტრუმენტების შეთავაზებისთვის მზად არის. „თეგეტა“ კვლავ ამყარებს პოზიციას, როგორც აქტიური ემიტენტი, ხოლო ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა ბაზრისადმი ნდობასა და განვითარების მზარდ პოტენციალზე ნათლად მიუთითებს“.

მდგრადობასთან დაკავშირებულ ტრანზაქციას „თეგეტა“ თიბისი კაპიტალთან ერთად უკვე მეორედ ახორციელებს. 2023 წელს საფინანსო ინსტიტუტი „თეგეტა ჰოლდინგის“ მწვანე ემისიის მხარდამჭერი იყო.
ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი: „თიბისი კაპიტალსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც ჯამურად უკვე 600 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაცია გვაქვს გამოშვებული. ბოლო, 260 მილიონი ლარის, ფასიანი ქაღალდების ემისია ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ. ხაზგასასმელია, რომ ეს მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ობლიგაციაა, რომელიც ლარშია დენომინირებული - მსგავსი ტრანზაქციების მხარდაჭერა თიბისი კაპიტალისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. „თეგეტა ჰოლდინგის“ გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებამ საქართველოში შექმნა რეალური შესაძლებლობა, ქართულმა კომპანიებმა ადგილობრივ ბაზარზე მასშტაბური მოცულობის დაფინანსება მოიზიდონ”.
ქართული კაპიტალის ბაზარზე „თეგეტამ“ პირველი წარმატებული ემისია 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. კომპანიის პორტფელშია ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ტრანზაქცია და 150 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოშვება. 2023 წელს კი, საავტომობილო სექტორში, რეგიონის მასშტაბით პირველად, „თეგეტა ჰოლდინგმა“ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და ავტოსფეროში ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) პრინციპების დანერგვას შეუწყო ხელი.
--
„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















