Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
- ბიზნესი
- 13.11.2026
- 14:40
„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს ბანკს 60 ახალი ჰიბრიდული ავტომობილით უზრუნველყოფს და მათ სრულ საოპერაციო მართვას საკუთარ თავზე იღებს. თანამშრომლობა „თეგეტა ბიზნესის“ ფლიტმენეჯმენტის მომსახურების ფარგლებში წარიმართება: კომპანია იზრუნებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასა და დაზღვევაზე, ასევე უზრუნველყოფს მძღოლებითა და საწვავით. შედეგად, ავტოპარკის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცესები ერთიან სისტემაში, ერთი პარტნიორის ხელში იქნება მოქცეული.

ბანკის ავტოპარკს 0 კმ გარბენის მქონე ავტომობილები შეემატა. მათგან 52 ერთეული Geely Starship 7-ის დამუხტვადი ჰიბრიდული SUV-ია, 8 კი – Toyota Corolla-ს ჰიბრიდული სედანი. შერჩევისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო საწვავის ეკონომიურობა და ექსპლუატაციის ხარჯების ოპტიმიზაცია, თუმცა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ მთავარი პრიორიტეტია ავტომობილების გამძლეობა, საიმედოობა და უსაფრთხოება.
ავთანდილ ლაბაძე, „თეგეტა ქარ რენთის“ დირექტორი: „საქართველოს ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე ხუთ წელს ითვლის. მოხარულები ვართ, რომ ბანკმა კვლავ გამოგვიცხადა ნდობა და ჩვენი პარტნიორობა კიდევ ერთი ეტაპით გაგრძელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორს შევთავაზოთ არა მხოლოდ მის საჭიროებებზე მორგებული ახალი ავტომობილები, არამედ სრულყოფილი მომსახურებაც, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს. შეთანხმების ფარგლებში ავტოპარკის გამართულ ფუნქციონირებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და საოპერაციო პროცესების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას სრულად ჩვენ ვიღებთ. შედეგად, ბანკს აღარ უწევს ამ საკითხების დამოუკიდებლად მართვა და შეუძლია, საკუთარი რესურსი მთლიანად ძირითადი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს“.
Geely Starship 7 აერთიანებს ტევად სალონს, კომფორტსა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს. მისი დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა საშუალებას იძლევა, ყოველდღიური მანძილის დიდი ნაწილი სრულად ელექტრორეჟიმში დაიფაროს, რაც სწორად ორგანიზებული ექსპლუატაციის პირობებში საწვავის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოში Geely-ს ოფიციალური დისტრიბუტორია.
Toyota Corolla ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით, საიმედოობითა და ჰიბრიდული ტექნოლოგიის პრაქტიკულობით გამოირჩევა. ეკონომიურობა და ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელი მახასიათებლები მას კორპორაციული ავტოპარკისთვის ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად აქცევს.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს შევუქმნათ უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო, ამავდროულად კი ეფექტიანად ვმართოთ საოპერაციო რესურსები. „თეგეტასთან“ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ავტომობილების ეკონომიურობასა და გარემოზე ზემოქმედებას. ჰიბრიდული ავტომობილების შერჩევა საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ საწვავის მოხმარება და ყოველდღიურ საქმიანობაში უფრო ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადავიდეთ.“- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ავტოპარკის გამართული ფუნქციონირება საოპერაციო საკითხის მუდმივ კოორდინაციას მოითხოვს, რაც კომპანიებისგან დამატებით ადმინისტრაციულ და ადამიანურ რესურსს საჭიროებს. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად განვითარდა „თეგეტა ბიზნესის“ მიმართულება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ფლიტმენეჯმენტია.
მომსახურება მოიცავს ავტომობილების შერჩევასა და მიწოდებას, მათი ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს, გეგმური და არაგეგმური სერვისის ორგანიზებას, დაზღვევას, საწვავითა და მძღოლებით უზრუნველყოფასა და ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვას. ასეთი მოდელი კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაამარტივონ სატრანსპორტო პროცესები, უკეთ დაგეგმონ საოპერაციო ხარჯები, დაზოგონ ადმინისტრაციული რესურსი და მეტი დრო დაუთმონ ძირითადი საქმიანობის განვითარებას. საქართველოს ბანკთან განახლებული თანამშრომლობა ამ მოდელის თვალსაჩინო მაგალითია.
--
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.