ეს არის არაკაცების ხელისუფლება, არაკაცობაა, როდესაც 35 დღის განმავლობაში მოშიმშილე პრეზიდენტს დასცინიან - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 18:32 | 05.11.2021
ნანახია: 424

ეს არის არაკაცების ხელისუფლება. დიახ, არაკაცების ხელისუფლებაა, როდესაც ისინი 35 დღის განმავლობაში მოშიმშილე პრეზიდენტს დასცინიან, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე.

"დღეს არ არსებობს არცერთი ღირსეული ადამიანი საქართველოში, რომელიც სოლიდარობას არ უცხადებს ქვეყნის მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ერთადერთი, ვინც კვლავ სავსეა ზიზღითა და სიძულვილით, ვინც კვლავ ანთხევს ბოღმას და გესლს, არის ხელისუფლება. ეს არის არაკაცების ხელისუფლება. დიახ, არაკაცების ხელისუფლებაა, როდესაც ისინი 35 დღის განმავლობაში მოშიმშილე პრეზიდენტს დასცინიან. არაკაცობაა, როდესაც შეგიძლია შეჯიბრი გამართო ხელისუფლებაში, ვინ უფრო მწვავედ და შეურაცხმყოფლად გააკრიტიკებს და დასცინებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. დიახ, ისინი, თითოეული მათგანი არიან არაკაცები. არაკაცობაა ეს ყველაფერი და სხვა შეფასება ვერ მიეცემა. ბიძინა ივანიშვილისგან დაწყებული, მის ქვემოთ – ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე და სხვები არიან ჩვეულებრივი მკვლელები. ჩვეულებრივი მკვლელები არიან, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, თუ როდის მოკვდება და მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს და როდის გადაისვრიან მთელ ქვეყანას თავისი მოსახლეობით დესტაბილიზაციის მორევში", - თქვა მელიამ.
ამასთან, როგორც მან განაცხადა,  6 ნოემბერს ოპოზიციის აქცია თავისუფლების მოედნის ნაცვლად რუსთავის ციხესთან გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე