შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე

საქართველო, თბილისი - 12:11 | 22.06.2026
ნანახია: 30

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარედგინა.

მისივე თქმით, გადაიხედა კანონმდებლობა უცხოელ მოქალაქეებზე სასწავლო ბინადრობების ნებართვის გაცემის შესახებ.

„პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარვუდგინეთ, ეს უკვე მეორე ეტაპია. გახსოვთ, რომ გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებებმა თავისი დადებითი ეფექტი უკვე გამოავლინა და საზოგადოება ყოველდღე ხედავს საქართველოდან გაძევებულ არალეგალ უცხოელს, რომელიც ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენისთვის სხვადასხვა მექანიზმს იყენებდა. მეორე პაკეტი გაგრძელებაა იმ ცვლილებების, რომელიც შარშან დავიწყეთ. ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა იმ ნაწილით გადაიხედა, რომელიც ბინადრობების ნებართვის გაცემას ეხება. დღეისათვის, უცხოელ მოქალაქეებზე 35 ათასამდე სასწავლო ბინადრობაა გაცემული. შემთხვევები გამოვლინდა, როცა ბინადრობის გამოყენება ხდებოდა არა სწავლისთვის, არამედ ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დასარჩენად. ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ და ბინადრობას ნამდვილად იყენებენ იმ მიზნებით, რა მიზნითაც იყო გაცემული, არანაირი შეფერხება არ ექნებათ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც სასწავლო ბინადრობას ქვეყანაში ხანგრძლივად დასარჩენად იყენებდნენ, მკაცრი რეგულაცია იქნება და ქვეყანას ცალსახა მიდგომა ექნება. მეორე საკითხია ფიქციური ქორწინება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინება საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა ბინადრობა უვადოდ მიიღოს. დღეს ქვეყანაში 30 ათასამდე უცხოელია, ვისაც მუდმივი ბინადრობა აქვს მიღებული. ამ მიმართულებით კონტროლის მექანიზმები ძალიან სუსტი იყო“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ასევე კონკრეტული მექანიზმი შემოდის, რომელიც ფიქციური ქორწინებისა და ამ გზით ბინადრობის მოპოვების თავიდან აცილებას ითვალისწინებს. დარახველიძის განმარტებით, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, მას კომისიასთან გასაუბრება მოუწევს.

„არაერთ ქვეყანაშია თაღლითური სქემები, რომელიც ფიქციურ ქორწინებას და ამ გზით ბინადრობის მოპოვებას ითვალისწინებს. კონკრეტული მექანიზმი შემოდის, რაც იმას გულისხმობს, რომ უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, მას კომისიასთან გასაუბრება მოუწევს. კომისია თუ ჩათვლის, რომ სახეზეა ეჭვები ქორწინების ნამდვილობაზე, დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება. როგორც იცით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი დაემატა, რომელიც გულისხმობს ფიქციური ქორწინების დასჯადობას, თუ ეს მიზნად ისახავდა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. მექანიზმი მაქსიმალურად იქნება გადაზღვეული და ვისაც ეს დოკუმენტი ნამდვილად ესაჭიროება, მხოლოდ ისინი მიიღებენ ქვეყანაში ცხოვრების უფლებას და საშუალება არ იქნება იმის, რომ ქვეყანაში ის უცხოელები დარჩნენ ხანგრძლივად, რომელთათვის მსგავსი უფლების მიცემას კანონი არ ითვალისწინებს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე