"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში ორ სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციებს მართავს

საქართველო, თბილისი - 15:22 | 12.11.2021
ნანახია: 380

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში ორ სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციებს მართავს.

საპროტესტო აქცის მონაწილეები თავდაპირველად 300 არაგველისა და დიდუბის მეტროსადგურებთან შეიკრიბნენ.

300 არაგველის მეტროსთან შეკრებილი მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად იუსტიციის სამინისტროსთან გაემართნენ. დიდუბის მეტროსთან შეკრებილნი კი ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავინდებურად მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციუ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

​"გამოსავალი არის ერთადერთი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის კლინიკაში. მეტი გამოსავალი არ არსებობს. თუ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა მოკლან, მაშინ გამოვიდნენ და თქვან. ერთადერთი გამოსავალი, რომ შევინარჩუნოთ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არის მისი გადაყვანა შესაბამის კლინიკაში", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტებთან საუბრისას.

"საზოგადოება ხედავს, რომ იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად არის მთავარი აღმსრულებელი იმ დანაშაულებრივი ბრძანების, რომელიც მომდინარეობს ივანიშვილისგან და ქართული ოცნებისგან. რეალურად გვაყურებინებენ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის ქრონიკას. გუშინდელი ვიდეოების გამოქვეყნება კიდევ ერთი დამატებითი აღშფოთების საფუძველია", - ამბობს "ნაციონალუღი მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის სხვადასხვა წერტილში საპროტესტო აქციების გამართვა 8 ნოემბრიდან დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე