გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე

საქართველო, თბილისი - 16:20 | 07.07.2026
ნანახია: 30

ეს მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ გიორგი ბახუაშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განცხადებით, ბახუაშვილის სწრაფი საკადრო გადაადგილება აჩვენებს, რომ მმართველი ძალისთვის მთავარი კრიტერიუმი ივანიშვილის პირადი ნდობაა და არა უწყებების ეფექტიანი მართვა.

"ძალოვან სისტემაში თანამდებობრივი კარუსელები ადრეც გვინახავს. თუ ოხანაშვილისა და მდინარაძის შემთხვევაში ეს რამდენიმე თვე გრძელდებოდა ხოლმე, ბახუაშვილის შემთხვევაში 2-3 კვირიანი შუალედი იყო.

ეს კაცი [გიორგი ბახუაშვილი] ჯერ გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად დანიშნეს, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ახლა სუს-ის უფროსის მოადგილედ. რამდენიმე დღით ყოფნა პირველადი ადაპტაციისთვისაც არ არის საკმარისი.

ეს მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს. ასევე, ეს მეტყველებს, ერთი მხრივ სამართალდამცავი უწყებების მენეჯმენტის მართვის კრიზისზე და მეორე მხრივ, ნდობის კრიზისზე, რადგან ივანიშვილისთვის ნდობა არის მთავარი კრიტერიუმი, ასე იყო გომელაურისა და ჩუბინიძის შემთხვევაშიც.

ფაქტია, რომ სამართალდამცავი სისტემისთვის არაფერი შეიცვლება, სისტემა კვლავ დამნაშავე რჩება. ერთადერთი ცვლილება რაც იქნება ივანიშვილისთვის არის ის, რომ მის უკანონო დავალებებს მისი ნდობით აღჭურვილი პირი უფრო უკეთ შეასრულებს, ვიდრე მისი სხვა წინამორბედები.

უშუალოდ ბახუაშვილს რა მომავალი ექნება, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილის გადასაწყვეტია, როგორც სხვა შემთხვევებშიც გვინახავს“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ბახუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის ბრძანებულების მიხედვით გიორგი ბახუაშვილმა თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე