უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო, თბილისი - 14:23 | 10.07.2026
ნანახია: 29

ნიდერლანდებმა, რომლის შეიარაღებაშიც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები და მათთვის განკუთვნილი რაკეტებია, უკრაინას საკუთარი არსენალებიდან უკვე გადასცა ყველაფერი, რის გადაცემაც შეეძლო. ახლა კი საჭიროა, სხვა ქვეყნებზე ზეწოლა, რათა მათ მეტი წვლილი შეიტანონ, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომ ბერენდსენმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამის შესახებ ნიდერლანდების ხელმძღვანელობამ ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

„ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, უკვე გადავეცით. ახლა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან მოლაპარაკებების დროს, ვცდილობთ გავიგოთ, როგორ შევძლოთ სხვა ქვეყნების წახალისება, რომ მათ მეტი გააკეთონ“, - განაცხადა ბერენდსენმა.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის ქვეყანამ უკრაინას Patriot-ის სისტემები გადასცა და ასევე აშშ-ის შეიარაღების პაკეტებიც დააფინანსა PURL-ის ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნა, რომ ნიდერლანდებს „აქვს როგორც შესაძლებლობა, ისე სურვილი, მომავალშიც განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა.“

„ყველაფერი, რასაც უკრაინაში ვაბანდებთ, ჩვენი უსაფრთხოების ინვესტიციაა. ეს ასეა იმ ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციების წყალობითაც, რომლებიც დღეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ვითარდება. თუმცა, საჭიროა, უფრო აქტიურად მოვუწოდოთ სხვა ქვეყნებსაც, რომ ჩაერთონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ. ამას კი უკრაინასთან ერთად ვაკეთებთ,“ - განაცხადა ბერენდსენმა.

მინისტრს არ დაუსახელებია ქვეყნები, რომელთაგანაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერაში უფრო აქტიურ ჩართულობას ელოდებიან. თუმცა მან ხაზი გაუსვა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ პროცესში მოწინავე როლს ასრულებენ, და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

„ყველამ იცის, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, გერმანია, პოლონეთი და სხვებიც წლების განმავლობაში ძალიან ბევრს აკეთებენ, მათ შორის ნიდერლანდებიც. საჭიროა, სხვა ქვეყნებიც უფრო აქტიურად ჩაერთონ. რა თქმა უნდა, მივმართავთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც გადასაცემად შესაბამისი მარაგები აქვთ, თუმცა ამავე დროს ევროპაში (Patriot-ისთვის განკუთვნილი) რაკეტა-გადამჭერების წარმოების შესაძლებლობებსაც განვიხილავთ. ასევე ვეყრდნობით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და PURL-ის ფარგლებში გათვალისწინებულ დახმარების პაკეტებს. ეს სისტემები ადამიანების სიცოცხლეს იცავს, ამიტომაც ვაგრძელებთ სხვა ქვეყნების მოწოდებას, ინვესტიცია განახორციელონ PURL-ის ინიციატივაში,“ - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე